logo
ENG



ეთიკის ქარტია: მკაცრად ვგმობთ ეპისკოპოსის მხრიდან "მთავარის" ჟურნალისტზე ძალადობას

09 მაი 202113:35
3 წუთის საკითხავი
 
ეთიკის ქარტია: მკაცრად ვგმობთ ეპისკოპოსის მხრიდან "მთავარის" ჟურნალისტზე ძალადობას

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მთავარი არხის ჟურნალისტის, ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის მხრიდან ძალადობას მკაცრად გმობს. 

ქარტია ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევა და დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. 

2021 წლის 8 მაისს​ ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ეპისკოპოსმა, ანტონ ბულუხიამ ირაკლი ვაჩიბერაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას ეპარქიის ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალა. 

ქარტია იხსენებს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის სხვა შემთხვევებსაც. 

2021 წლის 08 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. კადრებში ჩანდა, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 

2021 წლის 4 მაისს დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა „მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქარტია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს ახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ თითოეულ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა შესაბამისი ინციდენტი იქნება ადეკვატურად და გამჭვირვალედ გამოძიებული, დამნაშავე პირებს კი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. 

ქარტიას მიაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება და მედიისთვის შეიქმნას თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო. 


close დახურვა